Thursday, July 24, 2014


г Сухум 2008

Так Абхазию точно никто не снимал!

Sokhumi-Porto Mengrello


სოხუმი (აფხ. Аҟəаაყუა) — ქალაქი საქართველოშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს. მოსახლეობა 120 ათასი (1991 წ.). სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო (საზღვაო პორტირკინიგზის სადგურიაეროპორტი), კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.
1992-1993 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1993 სექტემბერს, რუსულმა ჯარმა, ადგილობრივ სომეხ და ჩრდილო-კავკასიელ მოხალისეებთან ერთად, შტურმით აიღო სოხუმი. თითქმის ერთი წლის მანძილზე განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეტევების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად ქალაქში განადგურდა 10.000-ზე მეტი შენობა.
სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობი 23,3 კმ²....

Wednesday, July 23, 2014

                              27 სექტემბერი- სოხუმის დაცემის დღე                                                                სოხუმი ბევრად უფრო ადრე დაეცა. ამ დაცემას ყველანი ვამზადებდით. ადამიანთა ცოდვები წვეთწვეთობით გროვდება და ერს გრიგალისებურ ტალღებად ატყდება ხოლმე. ჩვენივე ცოდვებმა განგვაიარაღა, ღვთის წინაშე ჩადენილმა დანაშაულმა ხელ-ფეხი შეგვიკრა. ასე აღმოვჩნდით დაუძლურებულნი სასტიკი მტრის წინაშე. შემოსეული მტერი, სტიქია თუ სიღატაკე მხოლოდ იარაღია ღვთის ხელში. მორწმუნემ მიზეზი სხვაგან უნდა ეძებოს. თუ ნამდვილ მიზეზს ვერ ვიპოვით, შედეგს ვერაფერს მოვუხერხებთ. ჩვენ ვერ შევაჩერებთ განსაცდელებს, თუ არ შევაჩერებთ ჩვენს ცოდვებს.
ჟამთააღმწერელი აღწერს ჯალალ-ედ-დინის მიერ დარბეული თბილისის საზარელ სურათს, მთელ ქალაქში მიმოფანტულ დახოცილ გვამებს. ასწლოვანი მატიანის მკითხველი ამაოდ დაუწყებს ძებნას პირსისხლიანი მტრის განმკითხველ სიტყვას. მემატიანე ამაზე არ საუბრობს. სამაგიეროდ, საუბრობს ქართველთა ცოდვებზე, რაც წინ უძღოდა ამ ტრაგედიას. არავის ეფერება - არც გლეხს, არც თავადს, არც სასულიერო პირს, არც მეფეს, ამხელს ერის ცოდვებს, აშიშვლებს მის წყლულებს. მაგრამ ამას აკეთებს არა ქედმაღლობით, განკითხვის ვნებით, არამედ თავმდაბლობით, სულიერებით. ღრმად მორწმუნე ისტორიკოსისათვის უბედურების ჭეშმარიტი სათავე ერის ცოდვებია.
მაშ, ჯალალ-ედ-დინი არაა დამნაშავე? განა ცოდვად არ ეთვლება ის, რაც ქართველთა წინააღმდეგ ჩაიდინა? რა თქმა უნდა, ისიც და საქართველოს ამჟამინდელი მტერიც ცოდავს და ცოდავს მძიმედ - მათ თავიანთი წილი დანაშაული აქვთ. მაგრამ რატომ დაუშვა უფალმა მტრის მძლავრობა ჩვენზე? - აი, შეკითხვა, რომელიც მორწმუნე კაცმა თავის თავს უნდა დაუსვას.
აფხაზეთის ტკივილს სხვა ასპექტებიც აქვს - სახარებაში მაცხოვარი ებრაელებს სილოამის გოდოლის დანგრევას და 18 კაცის დაღუპვის ამბავს ახსენებს და მიმართავს მათ - „იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულები იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის მკვიდნი?“ - ეს კითხვა ყველა ჩვენგანისკენ არის მომართული. უფალი თავად პასუხობს მას: „არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“.
მაგრამ გვწამს, რომ ჩვენინანებთ, წყალობის მოვიზიდავთ უფლისგან და საქართველოს მთლიანობა აღდგება. ასეთია ნება ღვთისა, - განაცხადა ერთხელ პატრიარქმა, ამასვე წინასწარმეტყველებდა გაბრიელი ბერი და ჩვენც გვწამს, რომ ეს მართლაც ასე იქნება.
დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე
რა ყოფაში ვარ? რა მემართება?
ლამის გავგიჟდე, გავმხეცდე მთლადა.
ადამიანის ხორცსა ვჭამ პურად,
ადამიანის სისხლსა ვსვამ წყლადა,
მილიონობით დღეში არ მყოფნის,
ადამიანის მე მქვიან მადა.
რო მეჯავრება ჩემივე თავი,
ვერ გარდავიქმენ მაინც კი სხვადა.
როგორ მოტყუვდა ნაზარეველი,
ძმობა-ერთობის გეგმას რომ სთხზავდა!
შესაძლოდ სცნობდა საყოველთაოდ
ასეთ სიყვარულს, რადგან თვით სწამდა
ქრისტეობა და მის სწავლის ცოდნა.
როგორ ვსტყუვდებით, საიდან-სადა?
შორსა ყოფილა ერთმანერთზედა,
ძალიან გვიან გამოგვეცხადა.
ამ მოძღვრებისთვის ჯვარზე გაეკრა:
თავის სწავლასა დიდ ხედა ჰრგავდა,
როგორ ეწვალა, როგორ ეცადა,
რომ არ ჰყოლიყო კაცი კაცს მგლადა.
მიჩვენეთ ერთი ამის ნაყოფი
იგემეთ ვინა, როდის ან სადა?                                                                                          როდი-ღა უნდა ადამიანმა
ადამიანი იწამოს ძმადა?!    
 
მღვდელი აკაკი მელიქიძე, სოხუმის ფერისცვალების ტაძრის მოძღვარი (ამჟამად თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი): უკვე რამდენიმე თვეა თბილისში ვარ... შემთხვევით გამოვაღწიე... ტაძარში სანთელი აღარ გვქონდა და წასაღებად ჩამოვედი... მაგრამ მეორე დღიდან გზა ჩაიკეტა და ვეღარ დავბრუნდი. პირველი დღეებიდან იქ ვიყავი...
ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო, ადამიანს ბოლოს და ბოლოს, ყველა ტკივილი უნელდებაო... არ ვიცი, იქნებ ასეცაა, მაგრამ იმ განცდის, იმ ნამდვილი ჯოჯოხეთის დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია... ყოველ წამს თან დამაქვს უზარმაზარი მწუხარება და ფიქრი იმაზე, რაც მოხდა. ეს ყოველივე ხომ ანტიადამიანურია, ანტიადამიანური და რაღა თქმა უნდა, ანტიქრისტიანული. მახსოვს ის უმძიმესი წუთები, საშინელება რომ ატყდა. ტელევიზიით გამოვიდა არძინბა და აუწყა ხალხს, ქართველები მოდიანო. ქუჩები დაცარიელდა. ატყდა სროლები. ქართველები ჯერ არსად ჩანდნენ, მაგრამ ყველაფერს მათ აბრალებდნენ. ქალაქში ვერ გავდიოდით. სულ უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ. ორი-სამი დღის შემდეგ ჩვენები შემოვიდნენ. გაწმინდეს ქალაქი. ცოტათი თითქოს სიმშვიდეც ჩამოდგა. ყველაფერი მალე მორჩებაო, ამბობდნენ. ფსოუს საზღვრამდე იყვნენ მისულები. ახლა მიკვირს, როგორ ვყვები ყოველივე ამას. ერთი წამითაც არ მტოვებს იქ ნანახი და განცდილი. ადამიანთა დატანჯული სახეები, შეშინებული ბავშვები, ცეცხლწაკიდებული, გადამწვარი, გადაბუგული სახლები, ქუჩებში უსულო ადამიანები. ეს ყველაფერი უჩვეულო და შემზარავი იყო. ოჯახი იქ მყავდა. ოთხი პატარა ბავშვი... სულ პატარა ერთი თვისა იყო. ბოლოს ყველაფერი ისე დაიძაბა, იძულებული გავხდი, ბავშვები აქეთ წამომეყვანა.
ჩვენი ეკლესია სოხუმიდან 2-3 კილომეტრითაა მოშორებული. ყოველდღე, უდიდესი გაჭირვებით გვიხდებოდა ამ მანძილის გავლა. ზოგჯერ, როცა შეეძლოთ, ჯარისკაცები გვეხმარებოდნენ: მანქანით ავყავდით. მუდამ მრევლთან ერთად დავდიოდით. დაჩოქილი, მხურვალედ ლოცულობდა ყველა. ქუჩა სავსე იყო მკვდრებით. ყოველ წამს ტყვიების ზუზუნი ისმოდა. ჩვენს ახლოს ცვიოდა გრადები. ჩემი მრევლიდან ერთ ქალს იმ დღეებში, ლალი გაბუნიას, - ახლა ის ლტოლვილია, - ქმარი და 19 წლის შვილი დაეღუპა.
ფანტასტიკური სიმშვიდითა და თავგანწირვით აკეთებდა თავის საქმეს ჩვენი სამღვდელოება. მეუფე დანიელთან ერთად, განუწყვეტლივ დავდიოდით მეომრებთან, წინა ხაზზეც კი... ვცდილობდით, შეგვეტანა მათში სარწმუნოება, სიმტკიცე. ხშირად ვაზიარებდით ბიჭებს. მეუფეს მოძღვრები თბილისიდანაც ჩამოჰყავდა. ძალიან ხშირად ვაკითხავდით საავადმყოფოებს. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრი გააკეთეს დედებმა... ვუვლიდით დაჭრილებს, ვნათლავდით, პოზიციებზეც კი ვნათლავდით. ამის ასე სქემატური ჩამოთვლაც ამაღელვებელია, თორემ მათთან ყოველი შეხვედრა ცალ-ცალკე შეიძლება აღიწეროს. მე ჯერ ეს არ შემიძლია. ჯერ მიჭირს. განცდები ისე ძლიერი იყო, ჯერ კიდევ დრო მჭირდება. ოდესმე ეგებ, მართლა შევძლო ყველაფრის აღწერა.
ჩემი მხრიდან, ცხადია, მე იმასაც ვცდილობდი, სულიერი შვილებისთვისაც მიმეხედა, როგორმე მენუგეშებინა ისინი.
თვალებიდან არ ამომდის ერთი ასეთი ეპიზოდი: ერთ ოჯახში მიმიწვიეს... გადავუხადე პარაკლისი, ვანუგეშე, თითქოს დამშვიდდნენ. გამოვედი თუ არა, სროლა ატყდა. ირგვლივი გრადის ტიპის ჭურვები ცვიოდა. ცენტრალური მოედანია, მშვიდობის პროსპექტი ჰქვია. ყველაფერი დაისმხვრა. ეს ომის პირველ დღეებში იყო. პირველად მოვხვდი ასეთ მძიმე მდგომარეობაში. მეომრები მანიშნებდნენ, დაწექიო, მაგრამ არ დავწოლილვარ. გადავსახე მათ ჯვარი და გავედი წინ. რაც იქ ვიხილე, ნამდვილი საშინელება იყო. ეგდო ადამიანი, რომელსაც თავი აღარ ჰქონდა. ირგვლივ სისხლის ტბა იდგა. ტელევიზიაშიც უჩვენეს ეს კადრი. ეს პირველი ზაფრა იყო. მერე ნაწამები, დასახიჩრებული, ცხვირმოჭრილი, თვალებამოჩიჩქნილი ადამიანებიც ბევრჯერ ვნახე. თვითმფრინავიდან ქალაქს ბომბავდნენ დღისითაც და ღამითაც. ღამით, მთელი ღამეობით ჯერ რაღაც მანათობელ საგნებს უშვებდნენ და მერე მისამართის მიხედვით ბომბავდნენ. იყო საშიშროება მთელი ქალაქის მიწასთან გასწორებისა. ძალიან ძნელია ამის არა მხოლოდ საკუთარი თვალით ხილვა და განცდა, მოსმენაც. მოვკიდე ფსალმუნებს ხელი და დავიწყე ხმამაღლა კითხვა.
მინდოდა ამით დამეთრგუნა შეშფოთება. ამასვე მოვუწოდებდი მრევლსაც. ყველანი ერთად ვლოცულობდით სოხუმისა და ადამიანების გადასარჩენად.
ფსალმუნის განუწყვეტელმა კითხვამ სითბოც მომცა, ძალაც, ნუგეშიც და უკვე აღარ მაძრწუნებდა ის საშინელი აფეთქებები. ტკივილი კი, როცა ხედავ, როგორ იღუპებიან ადამიანები, როგორ ერთ წამში ისპობა წლობით ნაშრომ-ნაღვაწი და იწვის ყოველივე, რა თქმა უნდა, შემზარავია. საოცარი იყო ერთი რამ, თვითმფრინავებიდან ჩამოცვენილი ბომბები ძირითადად, რატომღაც რუსების სახლებს ეცემოდა.
ეკლესიაში ამ დიდი განსაცდელის ჟამსაც ჩვენ არ გაგვიცდენია წირვა-ლოცვა, არ გაგვიცდენია არც ერთი საეკლესიო დღესასწაული. განუწყვეტლივ ვასრულებდით პარაკლისებს, ვაკურთხებდით წყალს, სახლ-კარს, ეზოებს, ქუჩებს... ხშირად გრადის ტიპის ყუმბარები ეკლესიის თავზეც გადადიოდა. სროლის დროს ხალხი ეკლესიის კუთხეებში წვებოდა. მათ შიში თითქოს უკვე გადაავიწყდათ. ამ უბედურებაში ეკლესია მათთვის ნუგეში იყო... რაც უნდა დიდი დაბომბვებიც არ ყოფილიყო, ფსალმუნის კითხვას თავს არ ვანებებდით. მრევლით სავსე იყო ეკლესიაც და ჩემი სახლიც. მათი ასეთი ურთიერთთანადგომა მეც მამხნევებდა და ძალას მაძლევდა.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ამ ომში სამღვდელოებამაც გაიღო მსხვერპლი. დაიღუპა ვლადიმიროვკის ეკლესიის დეკანოზი კრავცოვი. დაიკარგა და ვერსად ვეღარ ვიპოვეთ. ჩემს მახლობლად, მეორე მხარეზე ცხოვრობდა მამა იოანე ანდრიუშენკო... ომში მას მეუღლე დაეღუპა. ყუმბარა ჩამოვარდა. სახლი თითქმის მთლიანად გაანადგურა. მატუშკა გარეთ იყო ეზოში. იგი ნამსხვრევმა იმსხვერპლა. იმ დროს მე სახლში ვიყავი, მაგრამ ისეთი დიდი იყო მსხვრევის ხმა, რომ მეც მომწვდა. მსუბუქი კონტუზია მივიღე. უზომოდ მტკივნეულია ამის გახსენება; მით უმეტეს, მძიმე იყო განცდა. ყოველივე ეს მუდამ თვალწინ მიდგას. მისი დავიწყება არ შეიძლება. მეუფესთან ერთად ხშირად ჩამოვდიოდით ხარების ტაძარში. იქაც იყო მსხვერპლი, ჭურვები დაეცა სახლს, სადაც ცხოვრობდნენ მოძღვრები. ერთი ქალი იმსხვერპლა, მორჩილი იყო. თითქოს ახლაც ვხედავ, როგორ ინგრეოდა სახლები, იწვოდა, იფერფლებოდა... ვხედავ ადამიანთა გატანჯულ, მწუხარე სახეებს... ხშირად, საცოდავები ვეღარ უძლებდნენ ამდენ უბედურებას და იხოცებოდნენ... გული უსკდებოდათ და ეცემოდნენ. არ მავიწყდება მათი იმედის მომლოდინე თვალები.
ბევრმა მეომარმა მიიღო ზიარება, ბევრი გრძნობდა მის ძალას. ბოლოს გვიამბობდნენ ხოლმე, როგორ გადაურჩნენ ხიფათს. ყოველი მხრიდან ითხოვდნენ, მივსულიყავით მათთან და გვეზიარებინა, რომ ცოტაოდენი სიმშვიდე ეგრძნოთ. ჩვენ, როგორც შეგვეძლო, ვეხმარებოდით ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, აფხაზებსაც...
ცხადია, მე მესმოდა ჩემი მოვალეობა: ყოველ სიტუაციაში უნდა ვყოფილიყავი მშვიდად, რათა აღმესრულებია ჩემი ვალი ღვთისა და კაცის წინაშე. დიდი იყო ეს განსაცდელი და იმჟამად იქ მყოფმა მთელმა ჩვენმა სამღვდელოებამ ეს ვალი შეძლებისდაგვარად, მაგრამ უშურველად მოიხადა...
შეგვინდე უფალო, შეცოდებანი ჩვენნი...

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე: გელათობას, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე შევთანხმდით მე და ქალაქის მერი, ბატონი თემურ შაშიაშვილი, რომ მეორე დღეს გავემგზავრებოდით სოხუმში. მზად გვქონდა ჰუმანიტარული ტვირთი. დილის 8 საათზე უკვე აეროპორტში ვიყავით... მაგრამ არ მოგვცეს გაფრენის ნება. საშიშიაო, გვიმტკიცებდნენ. ბოლოს ჩვენმა დაჟინებულმა თხოვნამ გასჭრა და 12 საათზე, როგორც იქნა, გავფრინდით. სოხუმი დაწიოკებული დაგვხვდა... ცეცხლი ეკიდა სახლებს... არ ვიცი, რა უნდა იყოს ამაზე შემზარავი სანახაობა. ვნახეთ დასახიჩრებული, დამწვარი ადამიანები. შევხვდით სახელმწიფო მეთაურს. არ მავიწყდება მისი სახე... ის წუთები. ხედავდა ღალატს და უკვე იცოდა, საქმე რომ ვეღარ იყო კარგად, მაინც ურყევად იდგა. ღალატი რომ არა, ისე დიდია და ისე ძლიერი ჩვენში გადარჩენის გენი, რომ ვძლევდით იმ მტერს, კალიასავით რომ შემოესია საქართველოს. მაინც მწამს, დროებითია ეს მარცხი.
რამდენიმე ღამე გავათიეთ სოხუმში, კალანდიებთან... მე იქ, იმ სახლში და საერთოდაც სოხუმში მრავალი მამულიშვილი ვნახე... შევხვდი გურამ ფანჯიკიძეს, რომელიც მართლაც გასაოცარი თავგანწირვით შედიოდა ფრონტის წინა ხაზზე და დაჭრილები გამოჰყავდა. ვნახე ლორიკ მარშანია, გია ყარყარაშვილი, გენო ადამია და თითქმის ყველა, რომელნიც წამიერად შემორბოდნენ და მაშინვე ბრძოლის ხაზზე გარბოდნენ...
ორი ღამე ჩვენთან ერთად გაათენა ჟიული შარტავამ. მამამისი მამაჩემს უყვარდა ძალიან. მასთან მუშაობდა და მუდამ დალოცავდა ხოლმე, როცა გაიხსენებდა. ჟიულისაც გაუხარდა, რომ ვუთხარი, ვისი შვილი ვიყავი. ჩემს სულს შენ გაბარებ, ჩემი სულისთვის ილოცეო, მითხრა. მიგვიწვია კაბინეტში, დაუვიწყარი იყო ის წუთები. ჩამოვარდა მცირე პაუზა... ჟიულიმ სასმელი აიღო, ფეხზე წამოდგა, პირჯვარი გადაისახა, ხელები ზევით აღაპყრო და - ღმერთო, ყველას მაგიერ მე დამსაჯე და სამშობლო გადამირჩინეო, - წარმოთქვა ხმამაღლა, შთაგონებით გავიღიმე და ვუთხარი:
- რაც ღვთის ნებაა, ისე იქნება, ჩემო ბატონო... ეს ქვეყანაც არსებობს და ის ქვეყანაც... მამათქვენს კალისტრატე ჰქვია, მეც კალისტრატე ვარ და ორივე ვილოცებთ თქვენთვის-მეთქი.
გაიღიმა. გავიდა მეორე ოთახში; გამოიტანა ფლომასტრები და დაგვირიგა... ეჰ, მშვიდობა რომ იყოს, კი ვიცი, როგორი მასპინძლობა გეკადრებათ თქვენო, გვითხრა. გამოვართვი ის ფლომასტერი და ვინახავ, როგორც ძვირფას რელიქვიას. მისი სულისთვის კი მარადის ვილოცებ... თუმცა ის, ვინც სამშობლოსათვის წამებით აღესრულა, ვინც მოიხადა თავისი ვალი, უკვე სუფევს სასუფეველში.
უფალმა გაანათოს მისი სული... უფალმა სამშობლო უცოცხლოს.
... სულ რამდენიმე დღე ვიყავით სოხუმში და მაინც, ყველაფრის გადმოცემა რომ შევძლო, რაც იქ ვნახე, ერთი დიდი წიგნი დაიწერება. ვიარეთ პოზიციებზე, დავლოცეთ ჯარი, დავურიგეთ ხატები, ლოცვანები, ვუკურთხეთ სამლოცველოები, მივულოცეთ ღვთისმშობლობა. კიდევ გვინდოდა დარჩენა, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის დაჟინებული მოთხოვნით, დავბრუნდით ქუთაისში.
ღვთისმშობელო, შენ აკურთხე შენი წილხვდომილი ქვეყანა და მისი შვილები...
დაგვიფარენ, ღვთისმშობელო!

                                                                              ღმერთო შეწევნასა ჩუენსა მოხედენ                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და 
კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი
(ფსალმუნი)
მშფოთვარე დროში ვცხოვრობთ. მძიმეა ჟამი, რომელიც უდგას ჩვენს ერს, ქვეყანას ჩვენსას... მტერთან უთანასწორო ბრძოლაში თავი გასწირეს ქართველმა ახალგაზრდებმა. ძაძით შეიმოსნენ ჩვენი დედები, დები, შვილები...
წმიდა იყო ეს ომი... წმიდა და, მაინც უაზრო, ძმათა მკვლელი. დიდი იყო მსხვერპლი.
ღალატით დაეცა ქართული ქალაქი სოხუმი. ღალატით, საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად იქცნენ მშვიდობიანი ადამიანები. შემზარავ კადრებს ვუყურებდით ყოველდღიურად. სვანეთის უღელტეხილზე თოვლსა და ყინვაში მიიკვლევდნენ ისინი გზას. ბევრმა ვერ გაუძლო. დაიხოცნენ ბავშვები, ქალები, მოხუცები. ძნელია გაცნობიერება ამ დიდი ტრაგიზმის.
ჩვენი ჭაბუკებისა და მამების სულები, რომელთაც დასდეს თავი სამშობლოსათვის, უკვე შეუერთდა წინაპართ სულებს.
ღმერთო, სულთაო და ყოველთა ხორციელთაო,
რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე,
და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე,
შენ, უფალო, განუსვენე სულთა მონათა და
მხევალთა ამათ, ადგილსა ნათლისასა,
ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასუენებელსა...
ისტორიულად ცნობილია, რომ ძველი ერები, როცა იმედი ეწურებოდათ, იწყებდნენ ერთობლივ ლოცვას. ლოცვით ინარჩუნებდნენ არსებობას და დღემდე მოაღწიეს. ეს იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმაც. დიდი თამარი ფეხშიშველი მიდიოდა ტაძარში და ისე ლოცულობდა დიდი ომების ჟამს. ვილოცოთ ჩვენც. ომი ჯერ არ დამთავრებულა.
ჩვენ დედამიწის უძველესი ხალხი ვართ. კაცობრიობის აკვანთან იდგა ჩვენი წინაპარი. ჩვენ იმ ტვირთის ზიდვაც გვევალება, ერის წიაღში რომაა ჩამალული.
თვალშეუდგამია საქართველოს ეკლესია. საუფლისწულოა მისი მიწა. „ამოვდიოდით ქართველები ამ მიწიდან და ჩავდიოდით ამ მიწაში. სისხლიც იქცეოდა შიგ, სიცოცხლის ხეც ხარობდა ზედ“. იყო უღმერთობაც და იყო რწმენაც. და მაინც, და მაინც, ჩვენ მივყვებით ჩვენი წინაპრების გზას, მისი სულის ძახილს, მივყვებით ქრისტეს...
ჩვენი გზა ჯვარცმისა და აღდგომის გზაა. გვწამს ეს. ჯვარცმის სახეში ჩვენ დღევანდელი საქართველოს სინამდვილეს ვხედავთ.
„მოვედინ ჩემდა ტვირთმძიმენი და დამაშვრალნი და მე განგისუენო თქუენ“, - ბრძანებს უფალი. ხოლო, უფალთან მისვლა ისევ ერთმანეთთან მისვლაა.
ერთ ლოცვაში ნათქვამია:
„უფალო, შეიწყალენ...
უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტბისა გზათა შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი, ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა...“
წვალებათაგან დაბნეულია ჩვენი ერი... დაღლილი, უზომოდ დაზარალებული, მთლიანად მსხვრევამდე მისული გამოვიდა ამ უმძიმესი ომიდან საქართველო და მისი ეკლესია. მთელი ხნის, ყველაზე მეტად კი, ბოლო სამოცდაჩვიდმეტი წლის მანძილზე ტანჯვით ეძებდა იგი გზებს მართლმადიდებლური რწმენის შესანარჩუნებლად. მძიმე იყო ეს წლები, მაგრამ მადლობა უფალს, მას გაუძლო ქართველმა ერმაც და საქართველოს ეკლესიამაც.

მიტროპოლიტი დანიელი (დავით დათუაშვილი)
დაბ. - 1955 წ. თბილისი;
1983 - დიაკონი;
1985 - მღვდელი;
1991 - ბერად აღკვეცა;
1992 - ბოდბელი ეპისკოპოსი;
1992 - მთავარეპისკოპოსი;
2000-2002 - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი;
1997-2002 - მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარე;
2002 - ჭიათურის ეპარქიის მმართველი.

მიტროპოლიტი დანიელი (დავით დათუაშვილი)
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და ისტორიული აფხაზეთის სამთავრო ტერიტორიას მოიცავს. მის შემადგენლობაში შედის ქალაქები: სოხუმი, ოჩამჩირე, გალი, გუდაუთა, გაგრა და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელმთავრო სამწყსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიები, ჩრდილოეთის საზღვარი კავკასიონის ქედს ემთხვევა, დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კი შავი ზღვისპირა ზოლზე მდებარეობს.
სოხუმის საკათედრო ტაძარი
აფხაზეთი ქართველთა უძველესი სამკვიდროა. ტრადიცია ქართველთა ამ მხარეს ქართველთა ეთქნარქის, ეგროსის, წილხვდომილ მამულად მიიჩნევს. ადრიდანვე, თანამედროვე აფხაზეთის ჩრდილოეთი ზღვისპირა მხარე მდინარე ყუბანამდე ქართველთა სამკვიდრებელი იყო და მთელ ამ მხარეს ეგრისი ეწოდებოდა. სახელწოდება „აბასა“, „აფხაზეთი“ კი მოგვიანებით გაჩნდა. ყველა უცხოური წყარო, რომელიც I ს-მდე აღნიშნული მხარის ეთნიკურ სახეს აღწერს, მას ძირითადად ლაზებით დასახლებულად მიიჩნევს. აბაზების ტომებს უცხოური წყაროები მხოლოდ I ს-ის შემდეგ მოიხსენიებენ.
ანტიკური ხანის ადრეკლასობრივი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი შედიოდა. ეს მხარე ზღვისპირა ხელსაყრელი მდებარეობის გამო ადრიდანვე მრავალ დამპყრობს იზიდავდა. ქრისტეს შობამდე VI-V ს.ს.-ში ამ ზღვისპირა მხარეში ადგილობრივ დასახლებათა ბაზაზე ძველი ბერძნული ახალშენები - დიოსკურია (ცხუმი), გიენოსი (ოჩამჩირის მახლობლად), ტრიგლიტი (გაგრა), მოგვიანებით, III-II ს.ს. პიტიუნტი (ბიჭვინთა) წარმოიქმნა.
აფხაზეთი, საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, I ს-ში მოციქულებმა მოიარეს და ქრისტიანობა იქადაგეს. წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის საფლავი აფხაზეთშია. ქრისტიანობის დევნისას, I-III  საუკუნეებში რომის იმპერიიდან აფხაზეთში, როგორც მასზე დაქვემდებარებულ მხარეში მრავალი ქრისტიანი გაასახლეს. 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიწვეული იყო ბიჭვინთელი ეპისკოპოსი სტრატოფილე. ეს ფაქტი საქართველოს ზღვისპირეთში ადრიდანვე მტკიცე ქრიტიანული თემების არსებობის მანიშნებელია. IV ს-ში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს მხარე გაქრისტიანდა და აქტიური ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო. აფხაზეთში სარწმუნოების განმტკიცებას ხელს უწყობდა დიდ ქრისტიან წარმომადგენელთა წმინდა იოანე ოქროპირის, წმიდა მოწამე ვასილისკოს, წმიდა მოწამე ლონგინოზ ბიჭვინთელის, წმიდა მოწამე ერნა კომანელის და სხვათა ამ მხარეში ცხოვრება-მოღვაწეობა.
მძლავრ იმპერიათა ინტერესის არეალში მოქცეულ ზღვისპირეთში ადრიდანვე ბერძნულ-რომაული გარნიზონები იდგა. V ს-ში ვახტანგ გორგასალმა შეძლო ქვეყნის გაერთიანება და დასავლეთ საქართველოდან უცხო ჯარების განდევნა: „ესრეთ წარმოვიდა და შემოვლო კავკასი და მოვიდა აფხაზეთს და წარუღო ბერძენთა აფხაზეთი...“
ვახტანგის შემდეგ, VI ს-ში ეგრისის დიდი ომიანობის და VII ს. პირველ მესამედში ჰერაკლე კეისრის შემოსევების შედეგად აფხაზეთი და მთელი ეს რეგიონი კვლავ ბიზანტიელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. პოლიტიკურად დამორჩილებულ მხარეში რელიგიური ექსპანსიაც განახროციელეს და VI-VII ს.ს.-დან საქართველოს დასავლეთი პროვინციები ბერძნულენოვან მსხვილ სამღვდელმთავროებში - ლაზიკის სამიტროპოლიტოსა და აბაზგიის საარქიეპისკოპოსოში გააერთიანეს. ბერძნული სამღვდელმთავროები ე.წ. სკანდა-შორაპნის ხაზს იქით, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა. ლაზიკის სამიტროპოლიტოს ოთხი საეპისკოპოსო კათედრა - საისი (ცაიში), როდოპოლისი (ვარციხე), პეტრა (ციხისძირი), ძიღანები (გუდაყვა, ილორთან) ექვემდებარებოდა და შესაბამისად აღნიშნულ კათედრათა ვრცელ შემოგარენს მოიცავდა. აბაზგიის საარქიეპისკოპოსოს იურისდიქცია მდინარე კლისურას მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ საკუთრივ აფხაზეთზე ვრცელდებოდა. კონსტანტინოპოლს დაქვემდებარებულ სამღვდელმთავროების აქტიური მოღვაწეობის მიმანიშნებელია ამ მხარეში მათ მიერ ეკლესიათა ინტენსიური აღმშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობის სრული გაქრისტიანება. ტრადიცია იუსტინიანე დიდს (527-262 წ.წ.) ბიჭვინთაში დიდებული ტაძრის აგებას მიაწერს, ხოლო VIII ს-ში აფხაზეთს შეფარებული აბო თბილელი - „უფროსღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქუეყანა სავსე ქრისტეს სარწმუნოებითა და არავი ურწმუნოთაგანი მკვიდრად იპოვების საზღვართა მათთა“.
ახალი ათონი
ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ იქ არსებულ ბერძნულენოვანი სამღვდელმთავროების თანდათანობითი გადმოქართულების პროცესი დაიწყო. „აფხაზთა სამეფოს“ შექმნის შემდეგ აღნიშნული კათედრების გაერთიანებით „აფხაზეთის საკათალიკოსო“ ჩამოყალიბდა. აფხაზეთის საკათალიკოსო საქართველოს ერთიანი ეკლესიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა და მას ადრიდანვე უცხოელი ავტორები „ქვემო ივერიის“, ანუ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს სახელით იხსენიებდნენ. X ს-დან ბერძნული საეპისკოპოსოების სანაცვლოდ ქართული სამღვდელმთავრო კათედრების დაფუძნება დაიწყო. აფხაზთა მეფე გიორგი II-მ (922-927 წ.წ.) ფოთის სამიტროპოლიტო კათედრის ნაცვლად „აღაშენა საყდარი ჭყონდიდსა და შექმნა საეპისკოპოსოდ“. მოიშალა გუდაყვის კათედრა და მის ნაცვლად მეფე ბაგრატ III-მ (978-1014 წ.): „ბედიას აღაშენა... ეკლესია დიდ-შუენიერ გუმბათიანი და შეამკო სიმდიდრითა დიდითა ფრიად. დასუა ეპისკოპოზი... მწყემსი დადის - წყლისა და მოქვის - წყლის შუათისა ადგილთა“ (999 წ.). ლეონ მეფეს უკავშირდება აგრეთვე მოქვის საეპისკოპოსო კათედრის აშენება. ამავე პერიოდში ააგეს „ბიჭვინტას ეკელსია დიდი. დიდშენი, კეთილ-ფრიად, გუმბათიანი. ზღვის კიდესა ზედა. პირველ იყო საეპისკოპოზო. ჟამსა აფხაზთა მეფეთათა იქმნა საკათალიკოზოდ“. ამდენად, უშუალოდ აფხაზეთის ძველი სამთავროს ტერიტორიაზე დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოსა და რამდენიმე მძლავრი ქართულენოვანი საეპისკოპოსო კათედრის ჩამოყალიბებით ეს მხარე სრულიად განთავისუფლდა ბერძნული საეკლესიო გავლენისაგან. ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარი მთელ დასავლეთ საქრთველოს - ეგრის-აფხაზეთის სამეფოს მოიცავდა. ბიჭვინთას ექვემდებარებოდა საკუთრივ აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, ლეჩხუმ-სვანეთისა და სხვა სამღვდელმთავრო კათედრები. იგი, ამავე დროს, IX ს. ბოლოს და X საუკუნის დასაწყისში „მცხეთის უხუცესი“ საყდრის „უმრწემეს“ და მასზე დაქვემდებარებულ საკათალიკოსოდ ითვლებოდა.
ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, XV-XVI სს-ში აფხაზეთის მიმართულებით ჩრდილო-კავკვასიელი ტომები გააქტიურდნენ. აფხაზეთში შემოჭრილ ადიღე-ჩერქეზულ ტომებს დასუსტებული ქართული სამთავროები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. მომხვდურთა შორის აბაზა და აფსუა ტომები გამოირჩეოდნენ, რომლებიც დაპყრობილ ტერიტორიებზე ოჯახებით სახლდებოდნენ. XVI ს-ის პირველ ნახევარში, 1533 წლის 31 იანვარს აფხაზეთში შემოჭრილ მომთაბარეებს გაგრასთან დიდი ბრძოლა გაუმართეს გურიელისა და დადიანის გაერთიანებულმა ჯარებმა. ქართველთა დამარცხების შემდეგ მტერს გზა გაეხსნა ბიჭვინთის უმდიდრესი საკათალიკოსო ტაძრისაკენ. ამ შემოსევის გამო საკათალიკოსო ტახტი გელათში გადმოიტანეს, ხოლო ბიჭვინთისა და აფხაზეთის საეპისკოპოსო ტაძრების დიდძალი საეკლესიო ქონება მომხვდურმა მიიტაცა. XVII ს-ში ჩრდილო კავკასიელთა შემოტევები განსაკუთრებით გაძლიერდა. ამ დროისათვის აფხაზეთის სამთავრო ოდიშის სამთავროდან უკვე გამოყოფილი იყო. XVII ს. 40-იანი წლებიდან აფხაზეთის გაცილებით პატარა სამთავრომ ოდიშის სამთავროს მოსახლეობა გაანახევრა და დიდძალი ტერიტორიები ჩამოაჭრა. საზღვარმა ახალი ათონიდან მდინარე ენგურზე გადმოინაცვლა. XVII ს. 40-50-იან წლებში ლევან II დადიანის დროს, სამეგრელოს მთავრებმა და ეპისკოპოსებმა კელასურთან დიდი თავდაცვითი ნაგებობა, ე.წ. აფხაზეთის კედელი ააგეს. ასკილომეტრიანი კედელი სოხუმიდან მდ. ენგურამდე ტერიტორიის თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. იგი აფსუა ტომებისაგან სოხუმს, გულრიფშს, ოჩამჩირესა და მათ მიმდებარე ტერიტორიას იცავდა. ვახუშტის ცნობით, „ანაკოფიის აღმოსავლეთით ზღვიდამ მთამდე შეავლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმან - აფხაზთა გამოუსვლელობისათვის...“
XVI-XVII ს.ს.-ში ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული მთიელთა ტომები საქართველოს ისტორიულ კუთხეში - აფხაზეთში დამკვიდრების გამო აფხაზებად იწოდებიან. თუმცა კი თავიდანვე ცნობილი იყო მათი ეთნიკური განსხვავება ძველი აფხაზებისაგან. „აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი“. VIII ს-ში აფხაზთა სამეფო ქართველთა სახელმწიფო იყო, ხოლო აფხაზნი - ქართველები (ნ.ბერძენიშვილი).
ძველი საეპარქიო კათედრები - მოქვი, ბედია, დრანდა, ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარი XVII-XVIII ს-თვის ადიღე-ჩერქეზული ტომების აბაზებისა და აბსარების შემოსევების შემდეგ, გაუქმდა და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დაცლილი საეპისკოპოსოები მღვდლის ამარა დარჩა. დრანდის ბოლო ეპისკოპოსი გაბრიელი XVII ს-ში, მთიელთა შემოსევების გამო იძულებული გახდა მიეტოვებინა კათედრა და იერუსალიმში წასულიყო. აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრების მწყემსმთავრებმა თავი სამეგრელოსა და იმერეთს შეაფარეს.
გაგრის ტაძარი
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალი სიწმინდე და საეკლესიო რელიქვია იყო დავანებული. მათგან აღსანიშნავია წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალის ნაწილი, წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი და სხვ.
დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის საკათალიკოსოში გარკვეულ დროს ეპარქიათა რიცხვი 25-მდე აღწევდა. დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გაუქმების დროს იმერეთის სამეფოს სამღვდელმთავროები 4-მდე შემცირდა, ხოლო მოგვიანებით აფხაზეთის საკათალიკოსო ქუთაის-იმერეთის ერთ ეპარქიად ჩამოყალიბდა. XIX ს. 50-იან წლებში აღდგა აფხაზეთის საეპისკოპოსო, რომელსაც 1885 წლამდე განაგებდნენ ქართველი მღვდელმთავრები. 1885 წლიდან სოხუმის ეპარქიის სახელით აღმდგარ აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციის რუსი ეპისკოპოსები მართავდნენ. რუსეთის ხელისუფლების რეაქციული გეგმა აფხაზეთში ეროვნული დაპირისპირებისა და მტრობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. XX ს-ის დასაწყისში, როდესაც რეალურად დადგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი, რუსეთის უწმიდესი სინოდისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ეპარქიის საქართველოდან ჩამოშორება განიზრახეს, - 1914 წელს აფხაზეთის ეპარქიის დედა ეკლესიიდან მოკვეთასა და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარებას შეეცადნენ. აფხაზმა პატრიოტებმა და სამღვდელოებამ შესაშური გონიერება გამოიჩინეს. თბილისში მეფისნაცვალთან ჩამოსულმა სპეციალურმა დეპუტაციამ პეტიცია წარმოადგინა, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვდნენ ამ მზაკვრული გეგმის აღკვეთას. პეტიციის ტექსტის ავტორი იყო ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძე.
1917 წლის სექტემბერში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მოწვეულ საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე, აღადგინეს აფახაზეთის ეპარქია, რომლის მწყემსმთავარს ცხუმელ-ბედიელი ეწოდა. რუსეთის ეკლესიის სინოდი ცდილობდა უგულებელეყო საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია და სოხუმის ოლქში დაეტოვებინა რუსი ეპისკოპოსი სერგი, რომელსაც დაემორჩილებოდა რუსული და ბერძნული სამღვდელოება.
1919 წლის 28 ოქტომბრიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია ცხუმელ-ბედიელად იქნა გადაყვანილი. 1921 წლის 15 ოქტომბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად ხელდასხმული იქნა იოანე მარგიშვილი.
1926 წ. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე ქრისტეფორე ციცქიშვილი. 1927 წ. ოქტომბერში ეპარქიის მმართველად დაინიშნა ეფრემ სიდამონიძე, რომელიც მალევე შესცვალა მელქისედექ ფხალაძემ.
1928 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი პავლე ჯაფარიძე;
1929-34 წლებში - მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე;
1935-1938 წ.წ. - მიტროპოლიტი მელქისედექ ფხალაძე;
1952-1956 წ.წ. - მიტროპოლიტი ანტონ გიგინეიშვილი;
1957-1964 წ.წ. - ეპისკოპოსი ლეონიდე ჟვანია;
1965-1967 წ.წ. - ეპისკოპოსი რომანოზ პეტრიაშვილი;
1967-1977 წ.წ. - მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი;
1978-1981 წ.წ. - მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ მახარაძე;
1981-1992 წ.წ. - მიტროპოლიტი დავით ჭკადუა;
1992 წლიდან - მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი.

ბესლეთის ხიდი (ასევე თამარის ხიდი) – XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი სოხუმთანმდ. ბესლეთზე გადებულია ერთმალიანი თაღოვანი ხიდი. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით. 1990-იანი წლების დასაწყისში სტელა დაიკარგა. ხიდის გარდიგარდმო დღემდე შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები. დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა „ქრისტე მეუფეო ყოველთა..... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი“. წარწერაში დასახელებულია საქართველოს მეფე ბაგრატ III (978-1014), ან ბაგრატ IV (1027-1072)          

ისტორიული ცნობები[რედაქტირება]

ქალაქი ძველბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია „დიოსკურიას“ (ბერძნ. Διοσκουριάς) სახელით, რომელსაც უკავშირებენ არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე ტყუპი ძმების — კასტორისა და პოლიდევკეს (დიოსკურების) სახელს. არის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „დიოსკურია“ ადგილობრივი — კოლხური (ლაზ-მეგრული) წარმოშობის სახელია — „დიო-/დია-“ — დედა, ქალღმერთი, „-სკური“ — წყალი, მდინარე, ანუ „წყლის დედა/მდინარის ქალღმერთი“. ძველ ქართულ წყაროებში ქალაქი ნახსენებია როგორც „ცხუმი/ცხომი“, რაც ეტიმოლოგიურად მომდინარეობს სავარაუდოდ რცხილას (სვან. „ცხჳიმრა“, „ცხჳიმ“; კოლხ. „ცხიმური“) ან თევზის (კოლხ. „ჩხომი“) სახელებიდან. ქართული „ცხუმი-დან“ მიღებულია მისი თურქიზებული ფორმა „სუხუმ“ (თურქ. Suhum), რამაც შემგდომში ფართო გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ენებში, მათ შორის თავად ქართულში. ქალაქს ამჟამად აფხაზურად ეწოდება „აყუა“ (აფხ. Аҟəа), რაც გვიანდელი მოვლენაა და მომდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულ აფხაზურ-ადიღეურ ტომთა ციხე-ქალაქის სახელწოდებიდან. დასახლება მსგავსი სახელწოდებით (ლათ. Acua) დატანილია XVII–XVIII საუკუნეების ევროპულ რუკებზე მდინარე ყუბანის შუა წელის უბანში (ჯაკომო გასტალდი, ნიკოლას ვისხერი, გერჰარდ მერკატორი, რობერტ გრინი, ჰენდრიკ ჰონდიუსი და სხვ.).
ძველ და მერმინდელ დასავლეთ ევროპულ წყაროებში ქალაქი მოხსენიებულია სხვადასხვა სახელებით: სებასტოპოლი, სავასტოპოლი, სავატოპოლი, სანატოპოლი, ფავასტა, პორტო მეგრელო, ისგაური და სხვა, როგორც ქალაქი და ნავსადგური კოლხეთში, ხოლო შემდგომ სამეგრელოს ქვეყანაში, საქართველოში. XVIII საუკუნის ფრანგულ გეოგრაფიულ გამოცემებში კი სოხუმი სამეგრელოს დედაქალაქადაა აღნიშნული (ჟან ბაპტის ლუი კლუე, ნიკოლ დელაკრუა და სხვ.).
სოხუმის მიდამოები დასახლებულია ძველი ქვის ხანიდან. გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი პუნქტია. ძვ. წ. VI საუკუნეში მილეთელმა ბერძენმა ვაჭრებმა აქ სავაჭრო ფაქტორია დიოსკურია დააარსეს. ძვ. წ. I საუკუნეში რომაელებმა დაიპყრეს, შემდგომში ააგეს ციხესიმაგრე და ქალაქს სებასტოპოლისი უწოდეს. VI საუკუნის დასაწყისში სოხუმი ბიზანტიის გამგებლობას ემორჩილება. 542 ირან-ბიზანტიის ომის დროს, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-მა გაიყვანა ჯარები სოხუმიდან და დაარღვია მისი სიმაგრე. 565 მანვე აღადგინა ქალაქი და ციხესიმაგრე. სოხუმი კვლავ დაწინაურდა. VIII საუკუნის ბოლომდე სოხუმი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ბიზანტიელთა ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი იყო. 736 ქალაქი დაარბია არაბთა ლაშქარმა მარვან იბნ მუჰამადის (მურვან ყრუ) სარდლობით. VIII საუკუნის ბოლოდან სოხუმი ცხუმის საერისთავოს ცენტრია. აქვეა საეკლესიო კათედრალი, საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო ძლიერების ხანაში (XI-XIII სს.) სოხუმი კვლავ აყვავებას განიცდის. XIV საუკუნის დასაწყისიდან გენუელები (იტალია) სავაჭრო ფაქტორიას აარსებენ. 1451 წელს ქალაქი მცირე ხნით ოსმალებმა აიღეს. მეორედ ოსმალებმა ქალაქი აიღეს XVI საუკუნის II ნახევარში.
ლამაზი მდებარეობის გამო ოსმალები სოხუმს „მეორე სტამბოლს“ ეძახდნენ. სოხუმი აფხაზეთში ოსმალთა ბატონობის დასაყრდენი გახდა. 1724 ოსმალებმა აქ არსებული ციხესიმაგრე კიდევ უფრო გაამაგრეს და სუხუმ-კალე (სოხუმის ციხე) უწოდეს. 1725 და 1728 წლებში ადგილი ჰქონდა ანტიოსმალურ აჯანყებებს, მაგრამ ქალაქი ოსმალთა ხელში რჩებოდა. 1771 წელს აჯანყების შემდეგ ქალაქი განთავისუფლდა, მაგრამ მცირე ხნით. ოსმალებმა იგი კვლავ დაიკავეს. XVIII საუკუნის ბოლოს სოხუმი აფხაზეთის მთავრის რეზიდენციაა. ოსმალთა ბატონობის ხანაში ქალაქი დაქვეითდა. იგი ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთი პუნქტი გახდა. 1810 სოხუმი რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა. XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო სოხუმის აღორძინება. 1832 წელს გაიხსნა საბაჟო. 1846 ნავსადგურად გამოცხადდა.1847 წლიდან ქალაქის სტატუსი მიიღო.
1993 წლის 27 სექტემბრიდან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.