ბესლეთის ხიდი (ასევე თამარის ხიდი) – XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი სოხუმთან, მდ. ბესლეთზე გადებულია ერთმალიანი თაღოვანი ხიდი. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით. 1990-იანი წლების დასაწყისში სტელა დაიკარგა. ხიდის გარდიგარდმო დღემდე შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები. დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა „ქრისტე მეუფეო ყოველთა..... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი“. წარწერაში დასახელებულია საქართველოს მეფე ბაგრატ III (978-1014), ან ბაგრატ IV (1027-1072)
No comments:
Post a Comment