ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე: გელათობას, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე შევთანხმდით მე და ქალაქის მერი, ბატონი თემურ შაშიაშვილი, რომ მეორე დღეს გავემგზავრებოდით სოხუმში. მზად გვქონდა ჰუმანიტარული ტვირთი. დილის 8 საათზე უკვე აეროპორტში ვიყავით... მაგრამ არ მოგვცეს გაფრენის ნება. საშიშიაო, გვიმტკიცებდნენ. ბოლოს ჩვენმა დაჟინებულმა თხოვნამ გასჭრა და 12 საათზე, როგორც იქნა, გავფრინდით. სოხუმი დაწიოკებული დაგვხვდა... ცეცხლი ეკიდა სახლებს... არ ვიცი, რა უნდა იყოს ამაზე შემზარავი სანახაობა. ვნახეთ დასახიჩრებული, დამწვარი ადამიანები. შევხვდით სახელმწიფო მეთაურს. არ მავიწყდება მისი სახე... ის წუთები. ხედავდა ღალატს და უკვე იცოდა, საქმე რომ ვეღარ იყო კარგად, მაინც ურყევად იდგა. ღალატი რომ არა, ისე დიდია და ისე ძლიერი ჩვენში გადარჩენის გენი, რომ ვძლევდით იმ მტერს, კალიასავით რომ შემოესია საქართველოს. მაინც მწამს, დროებითია ეს მარცხი.
რამდენიმე ღამე გავათიეთ სოხუმში, კალანდიებთან... მე იქ, იმ სახლში და საერთოდაც სოხუმში მრავალი მამულიშვილი ვნახე... შევხვდი გურამ ფანჯიკიძეს, რომელიც მართლაც გასაოცარი თავგანწირვით შედიოდა ფრონტის წინა ხაზზე და დაჭრილები გამოჰყავდა. ვნახე ლორიკ მარშანია, გია ყარყარაშვილი, გენო ადამია და თითქმის ყველა, რომელნიც წამიერად შემორბოდნენ და მაშინვე ბრძოლის ხაზზე გარბოდნენ...
ორი ღამე ჩვენთან ერთად გაათენა ჟიული შარტავამ. მამამისი მამაჩემს უყვარდა ძალიან. მასთან მუშაობდა და მუდამ დალოცავდა ხოლმე, როცა გაიხსენებდა. ჟიულისაც გაუხარდა, რომ ვუთხარი, ვისი შვილი ვიყავი. ჩემს სულს შენ გაბარებ, ჩემი სულისთვის ილოცეო, მითხრა. მიგვიწვია კაბინეტში, დაუვიწყარი იყო ის წუთები. ჩამოვარდა მცირე პაუზა... ჟიულიმ სასმელი აიღო, ფეხზე წამოდგა, პირჯვარი გადაისახა, ხელები ზევით აღაპყრო და - ღმერთო, ყველას მაგიერ მე დამსაჯე და სამშობლო გადამირჩინეო, - წარმოთქვა ხმამაღლა, შთაგონებით გავიღიმე და ვუთხარი:
- რაც ღვთის ნებაა, ისე იქნება, ჩემო ბატონო... ეს ქვეყანაც არსებობს და ის ქვეყანაც... მამათქვენს კალისტრატე ჰქვია, მეც კალისტრატე ვარ და ორივე ვილოცებთ თქვენთვის-მეთქი.
გაიღიმა. გავიდა მეორე ოთახში; გამოიტანა ფლომასტრები და დაგვირიგა... ეჰ, მშვიდობა რომ იყოს, კი ვიცი, როგორი მასპინძლობა გეკადრებათ თქვენო, გვითხრა. გამოვართვი ის ფლომასტერი და ვინახავ, როგორც ძვირფას რელიქვიას. მისი სულისთვის კი მარადის ვილოცებ... თუმცა ის, ვინც სამშობლოსათვის წამებით აღესრულა, ვინც მოიხადა თავისი ვალი, უკვე სუფევს სასუფეველში.
უფალმა გაანათოს მისი სული... უფალმა სამშობლო უცოცხლოს.
... სულ რამდენიმე დღე ვიყავით სოხუმში და მაინც, ყველაფრის გადმოცემა რომ შევძლო, რაც იქ ვნახე, ერთი დიდი წიგნი დაიწერება. ვიარეთ პოზიციებზე, დავლოცეთ ჯარი, დავურიგეთ ხატები, ლოცვანები, ვუკურთხეთ სამლოცველოები, მივულოცეთ ღვთისმშობლობა. კიდევ გვინდოდა დარჩენა, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის დაჟინებული მოთხოვნით, დავბრუნდით ქუთაისში.
ღვთისმშობელო, შენ აკურთხე შენი წილხვდომილი ქვეყანა და მისი შვილები...
დაგვიფარენ, ღვთისმშობელო!
No comments:
Post a Comment