ჟამთააღმწერელი აღწერს ჯალალ-ედ-დინის მიერ დარბეული თბილისის საზარელ სურათს, მთელ ქალაქში მიმოფანტულ დახოცილ გვამებს. ასწლოვანი მატიანის მკითხველი ამაოდ დაუწყებს ძებნას პირსისხლიანი მტრის განმკითხველ სიტყვას. მემატიანე ამაზე არ საუბრობს. სამაგიეროდ, საუბრობს ქართველთა ცოდვებზე, რაც წინ უძღოდა ამ ტრაგედიას. არავის ეფერება - არც გლეხს, არც თავადს, არც სასულიერო პირს, არც მეფეს, ამხელს ერის ცოდვებს, აშიშვლებს მის წყლულებს. მაგრამ ამას აკეთებს არა ქედმაღლობით, განკითხვის ვნებით, არამედ თავმდაბლობით, სულიერებით. ღრმად მორწმუნე ისტორიკოსისათვის უბედურების ჭეშმარიტი სათავე ერის ცოდვებია.
მაშ, ჯალალ-ედ-დინი არაა დამნაშავე? განა ცოდვად არ ეთვლება ის, რაც ქართველთა წინააღმდეგ ჩაიდინა? რა თქმა უნდა, ისიც და საქართველოს ამჟამინდელი მტერიც ცოდავს და ცოდავს მძიმედ - მათ თავიანთი წილი დანაშაული აქვთ. მაგრამ რატომ დაუშვა უფალმა მტრის მძლავრობა ჩვენზე? - აი, შეკითხვა, რომელიც მორწმუნე კაცმა თავის თავს უნდა დაუსვას.
აფხაზეთის ტკივილს სხვა ასპექტებიც აქვს - სახარებაში მაცხოვარი ებრაელებს სილოამის გოდოლის დანგრევას და 18 კაცის დაღუპვის ამბავს ახსენებს და მიმართავს მათ - „იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულები იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის მკვიდნი?“ - ეს კითხვა ყველა ჩვენგანისკენ არის მომართული. უფალი თავად პასუხობს მას: „არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“.
მაგრამ გვწამს, რომ ჩვენინანებთ, წყალობის მოვიზიდავთ უფლისგან და საქართველოს მთლიანობა აღდგება. ასეთია ნება ღვთისა, - განაცხადა ერთხელ პატრიარქმა, ამასვე წინასწარმეტყველებდა გაბრიელი ბერი და ჩვენც გვწამს, რომ ეს მართლაც ასე იქნება.
დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე
No comments:
Post a Comment