მღვდელი აკაკი მელიქიძე, სოხუმის ფერისცვალების ტაძრის მოძღვარი (ამჟამად თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი): უკვე რამდენიმე თვეა თბილისში ვარ... შემთხვევით გამოვაღწიე... ტაძარში სანთელი აღარ გვქონდა და წასაღებად ჩამოვედი... მაგრამ მეორე დღიდან გზა ჩაიკეტა და ვეღარ დავბრუნდი. პირველი დღეებიდან იქ ვიყავი...
ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო, ადამიანს ბოლოს და ბოლოს, ყველა ტკივილი უნელდებაო... არ ვიცი, იქნებ ასეცაა, მაგრამ იმ განცდის, იმ ნამდვილი ჯოჯოხეთის დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია... ყოველ წამს თან დამაქვს უზარმაზარი მწუხარება და ფიქრი იმაზე, რაც მოხდა. ეს ყოველივე ხომ ანტიადამიანურია, ანტიადამიანური და რაღა თქმა უნდა, ანტიქრისტიანული. მახსოვს ის უმძიმესი წუთები, საშინელება რომ ატყდა. ტელევიზიით გამოვიდა არძინბა და აუწყა ხალხს, ქართველები მოდიანო. ქუჩები დაცარიელდა. ატყდა სროლები. ქართველები ჯერ არსად ჩანდნენ, მაგრამ ყველაფერს მათ აბრალებდნენ. ქალაქში ვერ გავდიოდით. სულ უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ. ორი-სამი დღის შემდეგ ჩვენები შემოვიდნენ. გაწმინდეს ქალაქი. ცოტათი თითქოს სიმშვიდეც ჩამოდგა. ყველაფერი მალე მორჩებაო, ამბობდნენ. ფსოუს საზღვრამდე იყვნენ მისულები. ახლა მიკვირს, როგორ ვყვები ყოველივე ამას. ერთი წამითაც არ მტოვებს იქ ნანახი და განცდილი. ადამიანთა დატანჯული სახეები, შეშინებული ბავშვები, ცეცხლწაკიდებული, გადამწვარი, გადაბუგული სახლები, ქუჩებში უსულო ადამიანები. ეს ყველაფერი უჩვეულო და შემზარავი იყო. ოჯახი იქ მყავდა. ოთხი პატარა ბავშვი... სულ პატარა ერთი თვისა იყო. ბოლოს ყველაფერი ისე დაიძაბა, იძულებული გავხდი, ბავშვები აქეთ წამომეყვანა.
ჩვენი ეკლესია სოხუმიდან 2-3 კილომეტრითაა მოშორებული. ყოველდღე, უდიდესი გაჭირვებით გვიხდებოდა ამ მანძილის გავლა. ზოგჯერ, როცა შეეძლოთ, ჯარისკაცები გვეხმარებოდნენ: მანქანით ავყავდით. მუდამ მრევლთან ერთად დავდიოდით. დაჩოქილი, მხურვალედ ლოცულობდა ყველა. ქუჩა სავსე იყო მკვდრებით. ყოველ წამს ტყვიების ზუზუნი ისმოდა. ჩვენს ახლოს ცვიოდა გრადები. ჩემი მრევლიდან ერთ ქალს იმ დღეებში, ლალი გაბუნიას, - ახლა ის ლტოლვილია, - ქმარი და 19 წლის შვილი დაეღუპა.
ფანტასტიკური სიმშვიდითა და თავგანწირვით აკეთებდა თავის საქმეს ჩვენი სამღვდელოება. მეუფე დანიელთან ერთად, განუწყვეტლივ დავდიოდით მეომრებთან, წინა ხაზზეც კი... ვცდილობდით, შეგვეტანა მათში სარწმუნოება, სიმტკიცე. ხშირად ვაზიარებდით ბიჭებს. მეუფეს მოძღვრები თბილისიდანაც ჩამოჰყავდა. ძალიან ხშირად ვაკითხავდით საავადმყოფოებს. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრი გააკეთეს დედებმა... ვუვლიდით დაჭრილებს, ვნათლავდით, პოზიციებზეც კი ვნათლავდით. ამის ასე სქემატური ჩამოთვლაც ამაღელვებელია, თორემ მათთან ყოველი შეხვედრა ცალ-ცალკე შეიძლება აღიწეროს. მე ჯერ ეს არ შემიძლია. ჯერ მიჭირს. განცდები ისე ძლიერი იყო, ჯერ კიდევ დრო მჭირდება. ოდესმე ეგებ, მართლა შევძლო ყველაფრის აღწერა.
ჩემი მხრიდან, ცხადია, მე იმასაც ვცდილობდი, სულიერი შვილებისთვისაც მიმეხედა, როგორმე მენუგეშებინა ისინი.
თვალებიდან არ ამომდის ერთი ასეთი ეპიზოდი: ერთ ოჯახში მიმიწვიეს... გადავუხადე პარაკლისი, ვანუგეშე, თითქოს დამშვიდდნენ. გამოვედი თუ არა, სროლა ატყდა. ირგვლივი გრადის ტიპის ჭურვები ცვიოდა. ცენტრალური მოედანია, მშვიდობის პროსპექტი ჰქვია. ყველაფერი დაისმხვრა. ეს ომის პირველ დღეებში იყო. პირველად მოვხვდი ასეთ მძიმე მდგომარეობაში. მეომრები მანიშნებდნენ, დაწექიო, მაგრამ არ დავწოლილვარ. გადავსახე მათ ჯვარი და გავედი წინ. რაც იქ ვიხილე, ნამდვილი საშინელება იყო. ეგდო ადამიანი, რომელსაც თავი აღარ ჰქონდა. ირგვლივ სისხლის ტბა იდგა. ტელევიზიაშიც უჩვენეს ეს კადრი. ეს პირველი ზაფრა იყო. მერე ნაწამები, დასახიჩრებული, ცხვირმოჭრილი, თვალებამოჩიჩქნილი ადამიანებიც ბევრჯერ ვნახე. თვითმფრინავიდან ქალაქს ბომბავდნენ დღისითაც და ღამითაც. ღამით, მთელი ღამეობით ჯერ რაღაც მანათობელ საგნებს უშვებდნენ და მერე მისამართის მიხედვით ბომბავდნენ. იყო საშიშროება მთელი ქალაქის მიწასთან გასწორებისა. ძალიან ძნელია ამის არა მხოლოდ საკუთარი თვალით ხილვა და განცდა, მოსმენაც. მოვკიდე ფსალმუნებს ხელი და დავიწყე ხმამაღლა კითხვა.
მინდოდა ამით დამეთრგუნა შეშფოთება. ამასვე მოვუწოდებდი მრევლსაც. ყველანი ერთად ვლოცულობდით სოხუმისა და ადამიანების გადასარჩენად.
ფსალმუნის განუწყვეტელმა კითხვამ სითბოც მომცა, ძალაც, ნუგეშიც და უკვე აღარ მაძრწუნებდა ის საშინელი აფეთქებები. ტკივილი კი, როცა ხედავ, როგორ იღუპებიან ადამიანები, როგორ ერთ წამში ისპობა წლობით ნაშრომ-ნაღვაწი და იწვის ყოველივე, რა თქმა უნდა, შემზარავია. საოცარი იყო ერთი რამ, თვითმფრინავებიდან ჩამოცვენილი ბომბები ძირითადად, რატომღაც რუსების სახლებს ეცემოდა.
ეკლესიაში ამ დიდი განსაცდელის ჟამსაც ჩვენ არ გაგვიცდენია წირვა-ლოცვა, არ გაგვიცდენია არც ერთი საეკლესიო დღესასწაული. განუწყვეტლივ ვასრულებდით პარაკლისებს, ვაკურთხებდით წყალს, სახლ-კარს, ეზოებს, ქუჩებს... ხშირად გრადის ტიპის ყუმბარები ეკლესიის თავზეც გადადიოდა. სროლის დროს ხალხი ეკლესიის კუთხეებში წვებოდა. მათ შიში თითქოს უკვე გადაავიწყდათ. ამ უბედურებაში ეკლესია მათთვის ნუგეში იყო... რაც უნდა დიდი დაბომბვებიც არ ყოფილიყო, ფსალმუნის კითხვას თავს არ ვანებებდით. მრევლით სავსე იყო ეკლესიაც და ჩემი სახლიც. მათი ასეთი ურთიერთთანადგომა მეც მამხნევებდა და ძალას მაძლევდა.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ამ ომში სამღვდელოებამაც გაიღო მსხვერპლი. დაიღუპა ვლადიმიროვკის ეკლესიის დეკანოზი კრავცოვი. დაიკარგა და ვერსად ვეღარ ვიპოვეთ. ჩემს მახლობლად, მეორე მხარეზე ცხოვრობდა მამა იოანე ანდრიუშენკო... ომში მას მეუღლე დაეღუპა. ყუმბარა ჩამოვარდა. სახლი თითქმის მთლიანად გაანადგურა. მატუშკა გარეთ იყო ეზოში. იგი ნამსხვრევმა იმსხვერპლა. იმ დროს მე სახლში ვიყავი, მაგრამ ისეთი დიდი იყო მსხვრევის ხმა, რომ მეც მომწვდა. მსუბუქი კონტუზია მივიღე. უზომოდ მტკივნეულია ამის გახსენება; მით უმეტეს, მძიმე იყო განცდა. ყოველივე ეს მუდამ თვალწინ მიდგას. მისი დავიწყება არ შეიძლება. მეუფესთან ერთად ხშირად ჩამოვდიოდით ხარების ტაძარში. იქაც იყო მსხვერპლი, ჭურვები დაეცა სახლს, სადაც ცხოვრობდნენ მოძღვრები. ერთი ქალი იმსხვერპლა, მორჩილი იყო. თითქოს ახლაც ვხედავ, როგორ ინგრეოდა სახლები, იწვოდა, იფერფლებოდა... ვხედავ ადამიანთა გატანჯულ, მწუხარე სახეებს... ხშირად, საცოდავები ვეღარ უძლებდნენ ამდენ უბედურებას და იხოცებოდნენ... გული უსკდებოდათ და ეცემოდნენ. არ მავიწყდება მათი იმედის მომლოდინე თვალები.
ბევრმა მეომარმა მიიღო ზიარება, ბევრი გრძნობდა მის ძალას. ბოლოს გვიამბობდნენ ხოლმე, როგორ გადაურჩნენ ხიფათს. ყოველი მხრიდან ითხოვდნენ, მივსულიყავით მათთან და გვეზიარებინა, რომ ცოტაოდენი სიმშვიდე ეგრძნოთ. ჩვენ, როგორც შეგვეძლო, ვეხმარებოდით ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, აფხაზებსაც...
ცხადია, მე მესმოდა ჩემი მოვალეობა: ყოველ სიტუაციაში უნდა ვყოფილიყავი მშვიდად, რათა აღმესრულებია ჩემი ვალი ღვთისა და კაცის წინაშე. დიდი იყო ეს განსაცდელი და იმჟამად იქ მყოფმა მთელმა ჩვენმა სამღვდელოებამ ეს ვალი შეძლებისდაგვარად, მაგრამ უშურველად მოიხადა...
შეგვინდე უფალო, შეცოდებანი ჩვენნი...
No comments:
Post a Comment